•  ფონდი ნატახტარი

  • ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

  • განათლებისთვის

  • პროფესიისთვის 

  • ხელობისთვის

2011 წლის ნოემბერში კომპანია „ნატახტარმა“ „ფონდი ნატახტარი“ დააფუძნა და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. საქველმოქმედო კამ-პანიის ფარგლებში, ყოველ წელს 3 თვის განმავლობაში - ნოემბრიდან თებერვლამდე - „ნატახტარი ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი შეფუთვის შესაბამისად: 0,33; 0,5; 1 და 2 ლიტრი. პროექტის პირველ და მეორე ეტაპებზე (2011-2012 და 2012-2013 წწ) 240 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა. თანხის განკარგვა გამჭვირვალეა. ამ პერიოდში შეგროვებული თანხის ნამდვილობა და გაყიდულ პროდუქციასთან შესაბამისობა მსოფლიოში ცნობილი აუდიტორულმა კომპანიამ  PriceWaterhouseCoopers-მა დაადასტურა. 
 
პროექტი მთელ საქართველოში ვრცელდება და „ნატახტარი“ 20-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს. პარტნიორობის სურვილი მცირე ბიზნესის წარმოამდგენლებმაც გამოთქვეს. თავდაპირველად „ფონდი ნატახტარი“ 16-დან 18 წლამდე ბავშვებზე ზრუნავდა, დღეს ეს ზღვარი გაიზარდა და პროექტში 15 წლის მოზარდებიც ჩერთვნენ. ცვლილების მიზეზი გასაგები და მისასლმებელია - 18 წლის შემდეგ მოზარდები საოჯახო ტიპის სახლებს ტოვებენ და ცხოვრების ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებათ თანადგომა, რათა საზოგადოებაში ინტერგრაცია არ გაუჭირდეთ. 
 
პროექტში ჩართული თითეული მოზარდი თითოეული ქეისია და მანამდეა მხარდაჭერილი,  ვიდრე მოზარდი დამოუკიდებლობას არ მიღწევს.  
 
ჩვენი სახლი საქართველო
 
ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ აქტიურად არის ჩართული ბავშვზე ზრუნვის სფეროს რეფორმირებაში, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად  ზრუნავს ბავშვზე და ოჯახის განვითარების სისტემაზე. ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა ბავშვის და ოჯახის სისტემის გაძლიერება, ძლიერ მხარეზე დაყრდნობით საჭიროებების განსაზღვრა და ინდივიდუალური გეგმის დასახვა კონკრეტული ბენეფიციარის სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დიდი ინსტიტუციების რეფორმირებასა  და მცირე საოჯახო სახლების შექმნა-გაძლიერებაში. ძირითადი მიზანია მცირე საოჯახო სახლების  ბავშვებისა და მოზარდების სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. 
 
ასოციაციის ძირითადი სერვისებია: მცირე საოჯახო სახლების მხარადჭერა-გაძლიერება, რაც გულისხმობს სპეციალიზირებული მცირე საოჯახო სახლების აღმზრდელების შერჩევა გადამზადებას. მომავალი აღმზრდელები გადიან ბავშვთან და ოჯახთან ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის ძირითად ტრენინგებს. ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს პერიოდულ გამაძლიერებელ ტრენინგებს აღმზრდელებისთვის,  რომელთაც ტრენერთა გუნდი ქმნის საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით. ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ მუდმივად ზრუნავს სპეციალიზირებულ მცირე საოჯახო სახლებში ინდივიდუალური მეთოდის დანერგვის ხელშეწყობას კვალიფიციური  კონსულტანტების  დახმარებით. ასოციაცია მცირე საოჯახო სახლებს აძლიერებს ფსიქოლოგიური სერვისით, რომელიც აღმზრდელს ეხმარება რთული შემთხვევების მართვაში და ბავშვის ემოციურ სტაბილურობაზე ზრუნვაში.
 
ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს“ ძირთადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. ამისთვის ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ფონდ  ნატახტართან  პროექტით „იზრუნე მომავალზე“. პროექტის ძირითადი ხიბლი და დასაყრდენი მომსახურების ინდივიდუალურობაა. მომსახურება იწყება მოზარდების საჭიროებების გათვალისწინებით და არ არსებობს განსაზღვრული ლიმიტი მომსახურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტი სპეციფიურია, იმ თვალსაზრისით, რომ თითოეულ  მოზრადზე იგება ინდივიდუალური გეგმა და ფინანსური გათვლა, რაც კვალიფიციური ფსიქოლოგის ბავშვთან მუშაობის შემდეგ იდება. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა და აქტიურობა პროექტის სწორად ფუნქციონირებაში. რომ არა ბენეფიციარის საჭიროებების გამოკვეთა ფსიქოლოგების მიერ და ზუსტი ფინანსური გათვლები, მსგავს შედეგს რაც ამჟამად გაგვაჩნია, ვერ მივიღებდით. რაც შეეხება მომსახურებებს,  ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებისთვის ხელობის მიცემა, რაც შემდგომში მოზარდს გაუადვილებს  საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას, შეძლებს დამოუკიდებლად შემოსავალის მიღებას და სამომავლო გეგმების  დასახვას. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია  უმაღლესი განთლების მიცემა მოზარდებისთვის,  მაგრამ მათი რთული წარსულის გათვალისწინებით  გვიწევს რამდენიმე წლიანი მომზადება რეპეტიტორებთან, გვაქვს წარმატებები 2013 წლისთვის გვყავს 3 სტუდენტი. პროექტი, "იზრუნე მომავალზე" ზრუნავს მოზარდებისთვის საჭირო ინვენტარის და წიგნების შეძენაზე,  ასევე  საჭიროების შემთხვევაში მართვის მოწმობის კურსების დაფინანსებაზე, პროფესიულ სტაჟირებაზე, რაც გულისხმობს მოზარდისთვის  თეორიული ცოდნის  პრაქტიკულ გამოყენებას, ფსიქოლოგი  ხელობის ოსტატთან ერთად ზრუნავს მოზარდის პრაქტიკულ უნარ-ჩვევების განვითარებაზე და შემდგომ დამოუკიდებლად დასაქმებაზე, რაც ფონდიდან ფინანსდება.  ალბათ, მკითხველისთვის მნიშვნელოვანი  ინფორმაციაა პროექტის სასტიპენდიო პროგრამა. იგი გულისხმობს  18 მოზარდს, რომელიც გავიდა მცირე საოჯახო სახლიდან  და არ აქვს არანაირი თანადგომა, განვითარების შესაძლებლობა და პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“ იღებს პასუხისმგებლობას ასეთ მოზარდებზე უზრუნველყოფს საცხოვრებელი ქირით, კვებით, მგზავრობის თანხებითა და პროფესიული განათლებით. საქართველოს მასშტაბით 7 მოზარდი გვყავს, რომელმაც დატოვა მცირე საოჯახო სახლი და ფონდმა აიღო პასუხიმგებლობა  მათ განვითარებაზე და დასაქმებაზე.
 
პროექტი „იზრუნე მომავალზე“ ორი წელია საქართველოში არსებულ მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრებ მოზარდებზე (15 წელს ზემოთ) ზრუნავს. მინდა წარმოგიდგინოთ ფინანსური ხარჯი ამ ორი წლის მანძილზე (2012-2013 წლები). საზოგადოების აქტიურობით და თანადგომით ფონდში შემოვიდა 240 000 ლარი. აქედან პროგრამის ადმინისტრირებაზე თანხის მხოლოდ 10% დაიხარჯა, 90 % კი გადანაწილდა ფსიქოლოგიურ სერვისზე, პროფესიული სასწავლებლების გადასახადებზე, გზის თანხაზე, სპეციალობისთვის აუცილებელი იარაღების შესყიდვაზე და სხვადასხვა საგნებში მომზადებაზე. თანხის ნაწილი გაიხარჯა ასევე სტაჟირებასა და სტიპენდიებზე.
 
2012-2013 წელს მომსახურება გაეწია 162 მოზარდს. ჩვენი მუშაობის შედეგებია: დასაქმებული 16 მოზარდი, 41 მოზარდი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა პროფესიას, 3 სტუდენტი და 26 დახურული ქეისი.  
 
ასოციაცია  „ჩვენი სახლი - საქართველოს“ სახელით მადლობას ვუხდი კომპანია ნატახტარს  სოციალური თემით დაინტერესებისთვის და ამ კეთილი საქმის განხორცილებისთვის.
 
ლელა მერაბიშვილი
დირექტორი
ასოციაცია  ჩვენი სახლი - საქართველო  
 
„ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგიური სამსახური
 
„ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგიური სამსახური, რომელსაც ახორციელებს „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველო“, ჩამოყალიბდა 2012 წლის დასაწყისში და მას შემდეგ ემსახურება მზრუნველობამოკლებულ (ძირითადად, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ, 15 წლის და უფროს) მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში. 
 
ვიდრე ფსიქოლოგიური სამსახურის კონცეფცია დაიწერებოდა, დაისვა კითხვა: რას ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოზარდის მომზადება? 
 
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მიზნად უნდა დავისახოთ მზრუნველობამოკლებული მოზარდებისთვის მხოლოდ მინიმალური ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება, და რომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ისინი დიდ წარმატებებს მიაღწევენ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, რადგან მათი უმრავლესობა სწავლაში ჩამორჩება თანატოლებს და ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემებიც უხვად აქვთ. ჩვენ რადიკალურად არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას და მთავარ მიზნად დავისახეთ ისეთი პროგრამის შემუშავება, რომელიც დაეხმარება 18 წლის მოზარდს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მატერიალურად უზრუნველყოფილ, მზრუნველ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრების პროცესში. დამეთანხმებით, რთული ამოცანაა, მაგრამ სულ რამდენიმე წელში მიღწეული შედეგები გვიჩვენებს, რომ არ ვცდებით.
 
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია ბენეფიციართა ასაკის თანდათანობით დაწევა. ჩვენ შევძელით და 1 წელიწადში ასაკი დავწიეთ 16-დან 15 წლამდე. რაც უფრო შემცირდება ასაკი, მით უფრო ახლოს მივალთ მიზანთან, რადგან გაცილებით ადვილია ფსიქო-სოციალურ პრობლემებთან მუშაობა მცირე ასაკში. 15-16 წლის მოზარდის პიროვნული თვისებები კი თითქმის ჩამოყალიბებულია, მატრამვირებელი წარსულიც უფრო ხანგრძლივია. გარდა ამისა, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის წყალობით დღეს დიდი ბავშვთა სახლები აღარ არის საქართველოში და მათი ჩანაცვლება  მოხდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, სადაც ბავშვებზე ინდივიდუალური ზრუნვა ხორციელდება და გაცილებით უკეთესი გარემოა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათი მომზადების თვალსაზრისით. ამ მხრივ, ბევრს შრომობენ სახელწიფო სოციალური მუშაკები და აღმზრდელები.
 
და მაინც, რას ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოზარდის მომზადება? 
 
შევხვდით მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს, კონსულტანტებს და მივმართეთ მათ კითხვით: „წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი უკვე გახდა 18 წლის და მი¬დის სახლიდან, რა სჭირდება მას იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შესძლოს?“ ჩამონათვალის სია იმდენად გრძელი იყო, დაწყებული თვი¬თმოვლის ჩვევებიდან და კომუნიკაციის უნარიდან დამთავრებული ბინით და სამსახურით, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა: ამდენი რამე არ ექნება ჩემს შვილს 18 წლის ასაკში და ამიტომ დარჩეს სახლში და ისევ მშობლები მივხედავთო. აქვე დავსვით მეორე კითხვა: „მაშინ რა ქნას მოზარდმა, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს და გახდება თუ არა 18 წლის, იძულებულია დატოვოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა, რადგან ის ვაუჩერით აღარ ფინანსდება? როგორ დაიწყოს დამოუკიდებლად ცხოვრება?“ 
სწორედ ამიტომ ჩვენი პროგრამა გათვლილია მაქსიმუმზე: უმაღლესი განათლება, ბინის დაქირავება, სტიპენდია, ხელობის შესწავლა, ახალ გარემოსთან ადაპტაციაში დახმარება, სამუშაო იარაღების შეძენა, ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციის უნარების განვითარება, ასერტული ქცევის სწავლება, თვითშეფასების ამაღლება. პროგრამას ახორციელებს 10 პროფესიონალი ფსიქოლოგი მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ განსაკუთრებული გარჯისთვის და სიამოვნებით გავაგრძელო მათთან ერთად მუშაობა ჩვენს მიერ დასახული რთული ამოცანის დასაძლევად, მით უმეტეს რომ დღეისათვის ჩვენ უკვე გვყავს 5 სტუდენტი, 20-ზე მეტი დასაქმებული, 8 აბიტურიენტი, სხვადასხვა კოლეჯის 50-ზე მეტი მოსწავლე... 
წარმატებას ვუსურვებ „ფონდ ნატახტარს“ და ყველას, ვისაც თუნდაც მცირედი წვლილი შეაქვს ამ ღირსეულ საქმეში.
 
მანანა ომარაშვილი
ფსიქოლოგიური სამსახურის 
ხელმძღვანელი
ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველო